შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ზ.ხ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს - პროკურორი

პუბლიკა

„დღევანდელი პროცესის გარემოებები მიმართული იყო იქითკენ, რომ გაჭიანურდეს პროცესი და მათ რაიმე გზით გაიყვანონ 6-თვიანი საპატიმრო ვადა, რომელიც შეფარდებული აქვს ბრალდებულს. ტყუილად რომ არ მომხდარიყო მოწმეების სასამართლოში მოყვანა და თავიდან ავირიდიოთ ასეთი შემთხვევები, სახელმწიფოს ხარჯზე დაინიშნა ადვოკატი“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ, ერთ-ერთ ბრალდებულ არასრულწლოვანთან, ზ.ხ.-სთან მიმართებით განაცხადა. პროკურორის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიორგი გელხაური მისი დაცვის ქვეშ მყოფს ვეღარ დაიცავს.

დავით ყაზარაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ზ.ხ.-მ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შეუძლოდ იყო, ის შეამოწმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა. პროკურორის მტკიცებით, ექიმები ამბობდნენ, რომ არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროცესის გაგრძელების შესაძლებლობას იძლეოდა. ამის მიუხედავად, ზ.ხ.-მ პროცესი დატოვა და იმავე ქმედებისკენ მოუწოდა ადვოკატ გიორგი გელხაურსაც.


ერთ-ერთი ბრალდებულის, ლ.შ-ს ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდების მხარის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ, რადგან „პროცესის დატოვების წინაპირობა იყო ცუდად გახდომა, შიმშილობის დაწყება და არანაირი საფუძველი პროცესის გაჭიანურების არ ყოფილა“.

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., ადვოკატების ინფორმაციით, სხდომის მიმადინარეობისას ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, არასრულწლოვანი ბრალდებული მეოთხე დღეა, შიმშილობს და, როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.