შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს - ადვოკატი

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სამი არასრუწლოვანი შიმშილობს – ამის შესახებ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა. მისი თქმით, ზ.ხ-სთან ერთად შიმშილობს ბრალდებული არასრულწლოვნები ლ.შ. და ა.ქ.

,,დღეს უკვე მესამე არასრულწლოვანი შეუერთდა შიმშილობას, ეს არის ა.ქ, მაგრამ სასამართლოს არ აინტერესებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში დანიშნოს. მივმართავ სახალხო დამცველს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც არის ამ საქმეში ჩართული – მიაქციეთ ყურადღება ამ მართლმსაჯულებას და სასამართლოს, საერთოდ არ ხდება არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინება”, – ამბობს გიორგი გელხაური.

ადვოკატის თქმით, არასრულწლოვნების მიერ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, სასჯელაღსრულების სამსახურის წარმომადგენლებმა მათ საკნიდან ტელევიზორი წაართვეს და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის დამყარების საშუალებას არ აძლევენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა დაცვის მხარის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ არასრულწლოვნებს აქვთ ინფორმაციის მიღებისა და სხვა უფლების განხორციელების შესაძლებლობა.

გიორგი შაქარაშვილის საქმზე დღეს მეორე სასამართლო სხდომა გაიმართა. ხვალიდან უკვე იწყება მოწმეების დაკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა.


19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.

ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.