შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი პირი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე სოფო ლეჟავამ მიიღო.

დაკავებულების ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ალტერნატივად კი, გირაოს შეფარდებას ან მეთვალყურეობაზე გადაცემით გათავისუფლებას მოითხოვდნენ, ბრალდების მხარე კი – ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას.

გამოძიება ექვსივე ბრალდებულს ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს ედავება. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანი პირიც. ეს გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 27 ივლისს მიიღო. პროკურატურა პატიმრობის საფუძვლად მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასახელებდა.