მცხეთის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პირველი სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ შესავალი სიტყვა თქვა, ახალი მტკიცებულებები და ვიდეომასალა წარადგინა, თუმცა, მათ ვიდეომასალის გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ.
სასამარლომ დღევანდელ სხდომაზე არ გაითვალისწინა წარდგენილი შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შესახებ. მომდევნო სასამართლო სხდომა 20 აგვისტოს 12 საათზე ჩაინიშნა.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოაცხადა შიმშილობა და ამის შესახებ განცხადებით მოსამართლეს აცნობა.
„დღევანდელ სხდომაზე არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ზ.ხ. გამოაცხადა შიშილობა. რამდენიმე მიზეზი დაასახელა, პირველი, რომ ითხოვს სიცრუის დეტექტორზე გავლას, როგორც მისი ასევე ამირხანაშილის, ახვლედიანის და ყველა იმ მოწმის, რომელიც ცვლიან ჩვენებას. ასევე მისი მოთხოვნაა, მის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების ფაქტი იყოს გამოძიებული სახელმწიფო სტრუტურების მიერ. ასევე დააყენა შუამდგომლობა იმ პროკურორის აცილების ფაქტზე, რომელიც ესწრებოდა მის გამოკითხვას რა დროსაც განხორციელდა მასზე იძულება ცემა და ფიზიკური შეურაცხყოფა. სანამ არ მოხდება ამ გარემოების დაკმაყოფილება ის აცხადებს შიმშილობა, “- ამბობს ადვოკატი.
ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამამ დღეს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ ის და მისი მეუღლეც აპირებენ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 პირია დაკავებული. დაკავებულებიდან გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.
ხუთივე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.