შაქარაშვილის საქმე | ნიკა ჟვანია ჩხუბში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა კვალიფიკაციას არ ეთანხმება – ადვოკატი

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ნიკა ჟვანია აღიარებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო, – ამის შესახებ მისი ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი „ფორმულასთან” აცხადებს.

„აღიარებს, რომ ამ ცემაში, გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო… წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის. დარტყმით დაარტყაა კი. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა”, – ამბობს ყავლაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა მას ხელკეტი, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, ხელკეტი „მანქანაში მოხვდა ხელთ”.

გიორგი ყავლაშვილის თქმით, ნიკა ჟვანია ჩხუბში მონაწილეობას ადასტურებს, თუმცა მიაჩნია, რომ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება. მისი თქმით, ჟვანია წარდგენილ ბრალს არც ნაწილობრივ და არც სრულად არ ეთანხმება, – ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.

„რა თქმა უნდა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება. ნიკა ჟვანია ამბობს, რომ ინციდენტსა და ჩხუბში მონაწილეობა მიიღო, თუმცა, მიაჩნია, რომ მის მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია მის ქმედებას არ შეესაბამება. ბრალს არ აღიარებს. თუმცა, ინციდენტში მონაწილეობის ფაქტს – კი. ეს გიორგი შაქარაშვილის ეპიზოდს არ უკავშირდება, რასაც შემდეგ ტრაგედია მოჰყვა. საუბარია „მერსედესის“ მარკის ავტომობილის გაჩერებაზე, რის შემდეგაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლა ხდება. შემდეგ, ნიკა ჟვანია ჯდება ისევ ავტომობილში და მიდის, რაც პირვანდელ ჩვენებაშიც თქვა“, – აცხადებს ადვოკატი.

შენიშვნა: სათაური შეიცვალა ბრალდებულის ადვოკატის დამატებით გავრცელებული განმარტების შემდეგ.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნიკა ჟვანია სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაკავებული, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ითვალისწინებს;