შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს მიიღებენ - სამინისტრო

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე ბავშვები, გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის განახლებულ სისტემებსა და სენსორებს (CGM) მიიღებენ.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, CGM სისტემა არის შაქრიანი დიაბეტის კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგია. სისტემა, ყოველ 5 წუთში ერთხელ, ზომავს გლუკოზის დონეს და მონაცემებს, უწყვეტ რეჟიმში, ასახავს პაციენტის მობილურ აპლიკაციაში. რეალურ დროში კონტროლის შედეგად, სისტემა აფიქსირებს გლუკოზის მაღალ და დაბალ მაჩვენებლებს, გამოსცემს განგაშის სიგნალს, რაც სწრაფი რეაგირებისა და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა.

„1 ივნისიდან დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა : გაიზარდა სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა – ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი. 1-ელი ივნისიდან, ბენეფიციარებისთვის საანალიზო-ტექნიკურ საშუალებები და მედიკამენტები ერთდროულად გაიცემა, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში. გეგმურ ამბულატორიულ მომსახურება კი, 11 სხვადასხვა დაწესებულებაშია შესაძლებელი;

ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და სისხლის ასაღები ნემსები 3 – თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა; დაკორექტირდა გაცემის თარიღიც – ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მარაგები, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე მიიღონ;

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა პაციენტთა მშობლების მორგი შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც მშობლებმა აღნიშნეს, რომ მინისტრის დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულება უწყების მხრიდან შეფერხების გარეშე სრულდება. დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის უფასოა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებმა სისხლში გლუკოზის დონის დასადგენი სპეციალური სენსორული აპარატების შეძენის მოთხოვნით აქცია თებერვალში გამართეს.