შარაშენიძე: მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, უტარდება ადეკვატური თერაპია

პუბლიკა

გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ექიმთა კონსილიუმის ჯგუფის წევრებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს.

ისინი დღეს ჰოსპიტალში მკურნალობის სტრატეგიაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ. კონსილიუმის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია და უტარდება ადეკვატური თერაპია.

ექიმმა გამოთქვა იმედი, რომ სათანადო მოვლის პირობებში პაციენტის კლინიკური მდგომარეობა სრულად კორეგირდება.

„ჩვენ ჩამოვედით რათა შეგვეფასებინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, სტაბილურია. უტარდება ადეკვატური თერაპია მომზადებული და კარგი გუნდის მიერ. ჩვენ ვნახეთ ლაბორატორიული კვლევის შედეგები, შევაფასეთ პაციენტის თერაპიული სტატუსი და დავუსახეთ ლაბორატორიული კვლევებისთვის შემდეგი სქემა. შევიმუშავეთ მკურნალობის ტაქტიკა.

ამ პროცესში, ჩვენი კონსილიუმის გუნდთან ერთად, აქ მომუშავე, არაჩვეულებრივი ექიმებიც მონაწილეობდნენ. პარალელურად რესპუბლიკური საავადმყოფოდან იყო გასტროენტეროლოგი, ნუტრიციოლოგი მოწვეული.

მივიღეთ გადაწყვეტილება ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ექიმმა დასახა კვებითი ტაქტიკა ხვალინდელი დღის. ბატონმა სანდრომ ნევროლოგიური სტატუსი შეაფასა. შევეცდებით ყოველდღიურად მოგაწოდოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და გარკვეული პრობლემები, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურია და იმედია, დროთა განმავლობაში კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით. ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება.“ – განაცხადა კონსილიუმის წევრმა ნინო შარაშენიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა 50 დღიანი შიმშილობა გუშინ, გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა.

„მიუხედავად ამისა, მე არ ვაპირებ არცერთი დღით შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას, “- წერს გუშინ გამოქვეყნებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი.

შიმშილობა შეწყვიტა ელენე ხოშტარიამ. ხოშტარია რეაბილიტაციას კლინიკა “ნიუ – ჰოსპიტალში” გადის.