შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი ზედმიწევნით იქნება შესრულებული - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნტქი მმართველი გუნდის მხრიდან ზედმიწევნით იქნება შესრულებული. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მეორე საკითხი, რაზეც პოლიტსაბჭოს სხდომაზე მსჯელობა გაიმართა, ეხებოდა წინასაარჩევნო კამპანიასა და კანდიდატების შერჩევას.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს. მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ იყო ის გეგმა, რაც „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში.

იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგნენ არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია. უნდა წარვუდგინოთ საზოგადოებას ის კანდიდატები, რომლებიც მისაღები იქნება მათთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის, ხალხისთვის, მათი ამომრჩევლებისთვის. ადამიანები, რომლებიც იქნებიან პროფესიონალები საზოგადოებრივ საჭიროებებზე, ხალხის პრობლემებზე. ეს ორი საკითხი იქნა ძირითადად განხილული“, – თქვა მან.

კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფებოდა კახა კალაძე პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მამუკა მდონარაძემ უპასუხა, რომ დღეს ის 2-ჯერ ნახეს „ქართული ოცნების“ ოფისში და ამ თემაზე კონსპირაცია არ გამოვა.

„პარტიის ოფისში ორჯერ ვნახეთ, აქ კონსპირაცია არ გამოვა. საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არამხოლოდ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანია, ამ ეგიდით 2 სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა, ასევე ემზადება, ხვალ, თუ ზეგ პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი. დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც გაინტერესებთ ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.