შარლ მიშელის თქმით, 2 კვირაში მოლაპარაკების საკითხებზე პროგრესს ბრიუსელში გასამართ სხდომაზე განიხილავენ

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიატორობით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც შემდეგ შარლ მიშელმა განაცხადა, 2 კვირაში იქნება ასოცირების საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც მხარეებს შორის მოლაპარაკების მიმართულებით პროგრესს დააკვირდებიან.

„ამ ქვეყანაში ბევრი რთული და კომლექსური გამოწვევაა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კოვიდ 19, უსაფრთხოება, სტაბილურობა – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლებიც უნდა გადაილახოს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას ეს პოლიტიკური კრიზისი და დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ როცა ყველა მონაწილეს ვკითხე, არიან თუ არა მზად დიალოგისთვის, რათა ერთად იპოვონ გამოსავალი, მათი პასუხი იყო „კი“. ეს არის კარგი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ გავაგრძელებთ ყველა პოზიტიური მცდელობის მხარდაჭერას”, – განაცხადა შარლ მიშელმა.

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქარაძის განცხადებით, შეხვედრაზე ხელისუფლებასთან განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, დღის წესრიგში არის 6 საკითხი, მათ შორისაა პოლიტპატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების თემა.