ბათუმში ვიზიტით მყოფ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შარლ მიშელთან განიხილეს 5-6 ივლისს საქართველოში განვითარებული მოვლენები, 19 აპრილის შეთანხმება და „ქართული ოცნების“ მიერ ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ევროპელი პარტნიორები უკიდურესად შეშფოთებული არიან იმით, რომ ხელისუფლების პოზიციები მიშელის დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან საკითხებზე მთლიანად არის აცდენილი დოკუმენტზე ხელის მომწერი ოპოზიციისა და ევროპელი პარტნიორების შეფასებისგან.
„ჩვენ გვქონდა საუბარი ყველა იმ პრობლემაზე, რომლებსაც აწყდება ამ დოკუმენტის შესრულება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ, დარწმუნებული ვართ, დღეს მოვისმენთ შესაბამის შეფასებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან.
გვქონდა საუბარი იმაზე, რომ ზეწოლის მექანიზმები ამ ხელისუფლებაზე, რომელიც ღიად და აშკარად ამბობს უარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე, უნდა გაძლიერდეს და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვიხილავთ ევროპული მხრიდან შესაბამისი სანქციების ამუშავებაზე სერიოზულ მსჯელობას.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება, პირობითობის დაცვის პრინციპით, შესაძლოა, შეჩერებული იქნას იმ პრობლემების გამო, რომლებიც შეიქმნა მათ შორის, მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაციის შეფერხებით“, – თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე იყო მოწოდება იმასთან დაკავშირებითაც, რომ ყველა პარტია, რომელსაც სურს საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, შარლ მიშელის შეთანხმებას უნდა შეუერთდეს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს მიშელის შეტანხმებით ნაკისრი დემოკრატიული რეფორმების გატარება და ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია, ან ცდილობს, რომ გადაუხვიოს. თუმცა, შარლ მიშელისგან მიიღეს დაპირება, რომ ევროპელი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ ამ შეთანხმების ბოლომდე შესასრულებლად.
„ჩვენ ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ ეს პროცესები გაგრძელდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში „ქართული ოცნების“ წევრები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილე არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი.
შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება მათ შორის მართლმსაჯულების კუთხითა და იმ მიმართულებებით, რომლებიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის მძიმე ფაქტებზე, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში და კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები.
შარლ მიშელმა თქვა, რომ ის ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან, გაცილებით მკაცრი იქნება ცალსახად მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ. მაგრამ ასევე იქნება საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზეც. როგორც იცით ეს არის მაკროფინანსური მხარდაჭერის სანქცირება, ეს არის სხვა მექანიზმები და აუცილებლად იქნება ამაზე საუბარი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მიშელთან შეხვედრა პროდუქტიული იყო და მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა რეფორმების გატარების გზაზე.
„ამავდროულად, ჩვენ გვქონდა სიღრმისეული ანალიზის შესაძლებლობა პრეზიდენტ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებისა და მის შესრულების პროცესის შესახებ.
იყო აბსოლუტურად ღიად დემონსტრირებული, როგორ არღვევს „ქართული ოცნება“ შეთანხმებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის ნაწილში. ასევე, რომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები იქნა გადადებული – ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დანიშვნა; საკონსტიტუციო ცვლილებებიც გადადებულია გარკვეული პერიოდით; ასევე, გადაიდო ძალაუფლების განაწილების შეთანხმების შესახებ მუხლის ინპლემენტაცია.
ასე რომ, გვქონდა ძალიან კარგი კონსტრუქციული საუბარი. პრეზიდენტი მიშელი გააგრძელებს მის ჩართულობას ამ პროცესში იმისათვის, რომ შეთანხმებას, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, განხორციელდეს იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენს ხალხს, სჭირდება ჩვენს ქვეყანას და რაც მთავარია, რეგიონალური გამოწვევების ფონზე, და ეს ითქვა ცალსახად, ამ შეთანხმების ინპლემენტაცია არის აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სანქციებსა და იმ მექანიზმებზე, რომელიც ევროკავშირს აქვს ამ შეთანხმების შესასრულებლად.
„ევროკავშირს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ არ დაუშვას გადახვევა ამ შეთანხმებიდან, თუ გააგრძელებს ამას „ოცნება“ და უკვე არის ერთი უმნიშვნელოვანესი დარღვევა, და თქვენ იცით, რომ ევროკავშირისთვის სასამართლო რეფორმა არის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ამ შეთანხმებაში და ამ რეფორმის განხორციელება არის 75 მლნ ევროს ტრანშის გამოყოფის აუცილებელი პირობა.
სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ნაბიჯები საფრთხეში აგდებს ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობას, ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობას. იმიტომ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დახმარებას ჩვენი ქვეყნისადმი.
ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ მიშელის ჩართულობა უზრუნველყოფს იმას, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ იძულებული იქნება შეასრულოს ყველა პირობა, რომელიც არის შეთანხმებით გათვალისწინებული“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შარლ მიშელი ოპოზიციის შემდეგ, ამ წუთებში, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. დილით მან ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. დღის განმავლობაში დაგეგმილია ასევე შარლ მიშელის შეხვედრები მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებთან.