„მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს ისევ ვეწვევი“ – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ჟურნალისტებმა მიშელს ჰკითხეს – გეგმავს, თუ არა საქართველოში ჩამოსვლას.
„საქართველოს პრეზიდენტმა უკვე მომიწვია საქართველოში, მოხარული ვიქნები, თუ საქართველოს და ქართველ ხალხს ისევ ვეწვევი. ვნახოთ, როდის იქნება ეს შესაძლებელი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი არის სწორი არჩევანი. შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ საქართველო შეასრულებს რეფორმებს და გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„ქართველი ხალხის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. იმედი მაქვს, იქნება ფანჯარა შესაძლებლობებისთვის, რომ გაკეთდეს მკაფიო არჩევანი. არა იმისთვის, რომ ასიამოვნოთ ბრიუსელს, არამედ იმისთვის, რომ გააკეთოთ მკაფიო არჩევანი და დარწმუნდეთ, რომ საქართველო დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე. იმედია, საქართველოში შესრულდება ის რეფორმები, რომლებიც საჭიროა ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად“, – ამბობს შარლ მიშელი.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ თქვა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განუცხადეს, რომ აპირებენ საქართველოში ჩამოსვლას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ვიზიტს ასევე აპირებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.
„ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან მომავალი თვეების განმავლობაში, ამ ექვს თვეში, ეს ნიშნავს, რომ საქართველოზე არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.