შარშანდელთან შედარებით მიგრაცია რომ გაიზარდა, ლოგიკურია. კოვიდის დროს ეს შეზღუდული იყო - კობახიძე

პუბლიკა

ტყუილია, თითქოს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანა დაიცალა, – ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

მან საკითხზე გამოხმაურებისას წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის კლება 200 000 ადამიანზე მეტი იყო. ახლა კი „20 000 არის მოსახლეობის კლება”…

ჟურნალისტმა მას შეკითხვა ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს სტატისტიკაზეც დაუსვა – 2022 წლის პირველ ნახევარში, რეკორდულად, კერძოდ, 183%-ით არის გაზრდილი საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადებების რაოდენობა, – რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდის შემდეგ მიგრაციის რიცხვის ზრდა ლოგიკურია.

„კოვიდის დროს ეს სტატისტიკა სერიოზულად შემცირებული იყო და ზოგადად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიგრაციის სტატისტიკას შეეხო კოვიდი. კოვიდის დროს მიგრაცია იყო უკიდურებად შეზღუდული და შარშანდელთან შედარებით რომ გაიზარდა ეს მაჩვენებელი, აბსოლუტურად ლოგიკურია.

9 წლის განმავლობაში 200 000-ზე მეტით შეუმცირდათ მათ [წინა ხელისუფლებას] მოსახლეობა, ეს იყო მათი პოლიტიკის შედეგი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოსახლეობა იყო 3 700 000, ახლაც არის იგივე. არის კლება, ოღონდ ძალიან მცირე. დაახლოებით 20 000, მათ პერიოდში კი 200 000-ზე მეტი. აქედან გამომდინარე, თითქოს ქვეყანა დაიცალა, ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის საკითხს და აღნიშნა, რომ თქმა იმისა – ქვეყანა რუსებით გაივსო, სპეკულაციაა.

„არის შემოსვლა-გასვლის სტატისტიკა, რაც აჩვენებს იმას, რომ დაახლოებით 50 000 რუსეთის მოქალაქე იმყოფება დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, საიდანაც სავარაუდოდ უმრავლესობა, არიან ქართველები… მთლიანობაში რომ ავიღოთ – რუსი და რუსეთის მოქალაქე შეიძლება იყოს მაქსიმუმ 20 000 კაცი და აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ქართველები წავიდნენ და რუსები დარჩნენ, ეს ელემენტარული კომიკურია. ეს ცარიელი სპეკულაციაა”, – განაცხადა კობახიძემ.