შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

პუბლიკა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე სწრაფად მიმავალი მანქანა ტროტუარზე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა. სოციალურ ქსელში, შემთხვევის ამსახველი ფოტომასალა ვრცელდება.

ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში „პუბლიკას“ უთხრეს, ბავშვი მრავლობითი ტრამვებით გადაიყვანეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

„პუბლიკა“ ცდილობს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორამციის მოპოვებას, რის შემდეგაც მასალა განახლდება.

განახლება: იაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მიმდინარეობს ოპერაცია და კლინიკის ყველა ქირურგი ჩართულია. კლინიკაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ბავშვს მრავლობითი დაზიანებები აქვს, სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.

განახლება: ოპერაციის დასრულების შემდეგ იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხეიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, ბავშისთვის ფეხის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და ამპუტაცია გაუკეთდა.

მისივე თქმით, ბავშვი კლინიკური მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, ბევრი სისხლი დაკარგა და დაზიანებების არეც საკმაოდ დიდია.