„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი მამუკა მდინარაძე ცენტრალური სარჩევნო კომისიიდან თანამშრომლის წამოსვლის ფაქტს ეხმაურება. მდინარაძე ივანე ბურდულის ცესკოდან წამოსვლის დასახელებულ მიზეზს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის ლიდერთან მეგობრობას უკავშირებს.
„შეიძლება სუბიექტური ინტერესებით იყოს ეს ყველაფერი გამოწვეული. ბუნებრივია ასეც არის. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა რომლებიც არიან ასე ახლო ურთიერთობაში „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან და მათგან შეიძლება დავალებებსაც იღებენ, ასეთი ფონის შესაქმნელად იგივე მოქმედება გაიმეორონ”, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, შესაძლოა ასეთი შემთხვევა ამ პერიოდში ბევრი არ იყოს, თუმცა რამდენიმე ერთეული შემთხვევაც კი ილუზიას გააჩენს, რომ თითქოს ქვეყანა ჩამოიშალა. მდინარაძის თქმით, ეს ასე არ არის.
„საქართველოში არაფერი არ იმალება. ინფორმაციის გავრცელების წყარო ძალიან ბევრია. facebook-ში უკვე დაიდო და ვნახე რამდენიმე წუთის წინ ფოტოები მისი [ბურდულის] და დიმიტრი შაშკინის. როგორც ჩანს ეს ადამიანი მისი პროტეჟე იყო. მეგობრობენ და ბუნებრივია, მისი საქციელი”, – ამბობს მდინარაძე.
„ქალბატონო თამარ, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან“, – ცესკოს საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა ივანე ბურდულმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება facebook-ზე დღეს გამოაქვეყნა.
როგორც ბურდული ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელიც მისი თქმით, ტოტალურად გაყალბდა.