შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს და 20 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

ანასტასია შატალოვას მკვლელობსითვის ბრალდებული ბექა ლატარია სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის მუხლებში დამნაშავედ ცნო და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ლატარია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის მუხლში.

„ბექა ლატარია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე  მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს. ბექა ლატარია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, 236-ე მუხლის  მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის და სასჯელად განესაზღვროს 17 თავისუფლებით აღკვეთა.

17 წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.

ლატარია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ მისი საქმე გაყალბებულია. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან მოსამართლეს აგინა. მსჯავრდებული დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.

საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებული ბიძინა ხასია ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებასა და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ და 17 წლით თავისუფლებით აღკვეთა განესაზღვრა.

მესამე ბრალდებული, ლევან რაჯული უდანაშაულოდ ცნეს ნარკოდანაშაულის ბრალდებაში, ხოლო დამნაშავედ იქნა მიჩნეული  პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.


18 ოქტომბერს ანასტასია შატალოვა მოკლეს. გამოძიების ვერსიით, მას ბექა ლატარია და ბიძინა ხასია საცხოვრებელ კორპუსთან დახვდნენ. ლატარიამ შატალოვას ცეცხლსასროლი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და ხასიასთან ერთად მიიმალა.

იმავე დღეს ბიძინა ხასია, რომელიც ლევან რაჯულის ბინაში იმალებოდა, თავს დაესხა ჩხრეკისთვის მისულ პოლიციელებს, რა დროსაც მოქმედებაში მოიყვანა ხელყუმბარა.

მას შემდეგ რაც რაჯულმა პოლიციის თანამშრომლებს ხასიას დაკავებაში ხელი შეუშალა, ეს უკანასკნელი  აივნიდან გადახტა, ხოლო ხელყუმბარა კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით ისროლა, ხელყუმბარა არ აფეთქდა და იქვე მდებარე ავტოფარეხის თავზე დაეცა.

სამართალდამცველებმა ბინის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3.85 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.