შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ბოლო ინფორმაციით 17 ადამიანი ემსხვერპლა - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა  17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

თავდაპირველად პირველადი ინფორმაცია 12 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა.

მათივე ცნობით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, უწყევტ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა“,- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.