შატილის გზაზე დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია - რატიანი

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია.

„თქვენ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ კლინიკაში შემოყვანილი იქნა სამი ქალბატონი პოლიტრავმით. ჩატარდა ყველა საჭირო გამოკვლევა და კვლევა. 2 პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია, აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებული იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება.

ამ ეტაპზე, პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული სამივე პაციენტთან, ჰემოდინამიკის მართვის მხრივ. ასევე ტრავმის შედეგად 2 ქალბატონს დაზიანებული ჰქონდა გულ-მკერდის ღრუ, ფილტვის ქსოვილი, ამ ეტაპზე, ფილტვის ორივე ქსოვილი გაშლილია რენტგენოლოგიური კვლევით, ოქსიგენაციის პარამეტრები სტაბილურია.

იცით, რომ პაციენტებთან კლინიკაში შემოყვანისას იყო შარდის გამოყოფის არარსებობა, ამ ეტაპზე შარდის ფუნქცია ორგანიზმში აღდგენილია. სამივე მათგანთან შემოყვანისას იყო ღრმა კომა, რაც 15 ქულიდან ითვლებოდა 4 ქულად. ამ ეტაპზე, პაციენტებთან გამოვლინდა ნევროლოგიური სტატუსის გაუმჯობესება.

კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, არც ერთთან არ ვლინდება უარყოფითი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ რთულ გზაზე, რაც უნდა გაიარონ გამოჯანმრთელებამდე, არანაირი პრობლემა არ იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პაციენტები გამოჯანმრთელდნენ“, – განაცხადა რატიანმა.

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა 17 ადამიანი, 3 კი დაშავდა.