შატილში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, მთავრობა დაეხმარება

პუბლიკა

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან, საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში საქართველოს მთავრობა დაეხმარება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დაეხმაროს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთასა და შემდგომ პროცედურებში.

ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დახმარებით, უზრუნველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოსთან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ გაივლიან ტესტირებას.