საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მთის ფონდიდან 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა იმისთვის, რომ „უახლოეს პერიოდში, შატილში ბავშვებს სკოლა-პანსიონი აღვუდგინოთ“.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გააქვს.
„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.
გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე „მთის კანონის” შეღავათებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები მთის კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც 58 სოფელს შეეხება.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ ე.წ. მთის კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის ძირითადი მიზანი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების, მაღალმთიან სოფლად მცხოვრები მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება გახლავთ. ეს კანონი შეეხება 58 სოფელს და დაახლოებით 25 ათას ჩვენს მოქალაქეს. ამ კანონის ძირითადი მიზანი მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ესეც იყო ჩვენი დაპირება, რომელსაც ვასრულებთ“, – განაცხადა გახარიამ.