შათირიშვილი: „დიფ სთეითი" საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება

პუბლიკა

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების, დონალდ ტრამპისა და „დიფ სთეითის“ კონსპირაციის შესახებ წერილს აქვეყნებს. წერილი „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს.

შათირიშვილის თანახმად, ივანიშვილის გუნდი აშშ-სთან დაკავშირებით რიტორიკას იცვლის – მანამდე „ოცნების“ წევრები ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითს“ დაამარცხებდა, ახლა კი აშშ-ის პრეზიდენტსაც მის ინსტრუმენტად მოიაზრებს.

შათირიშვილი წერს:

„რებრენდინგის პირობებშიც „დიფ სთეითი“ გეგმების განხორციელებას არ შეაჩერებს, უკვე გამოიკვეთა USAID-ის ალტერნატივა, რომელიც ევროპულ ფონდებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების წახალისებით იქნება დაკავებული.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, სადაა ამ ყველაფერში საქართველოს ადგილი. ვხედავთ, რომ დღეს გლობალური ომის პარტია საქართველოს წინააღმდეგ მთავარ იარაღად ევროპას იყენებს, რომელიც, ამავდროულად, მისი მთავარი მსხვერპლიცაა. სიცრუის ოსტატები ტრამპის ადმინისტრაციის ხელით ევროპას აბრალებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „დიფ სთეითმა“ ჩვენს კონტინენტზე ჩაიდინა. უკრაინას, რომელიც აომეს, ძალიან მალე ცივსისხლიანად მიატოვებენ და მის ენერგოსისტემას, სასოფლო-სამეურნეო მიწას და სხვა რესურსებსაც დაეპატრონებიან. აშშ-ს იმიჯის გასამყარებლად, გამოაცხადებენ, რომ მან უკრაინაში ჩადებული საეჭვო 350 მილიარდი დოლარის სანაცვლოდ, უკან 500 მილიარდის ღირებულების მინერალები მიიღო, რომლის ღირებულება, სინამდვილეში, ამ თანხის მეათედიც არაა.

[…] „ქართული ოცნება“ არ უნდა დაელოდოს იმას, რასაც ამერიკაში ელოდებიან, კერძოდ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, რომელსაც დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდება. ამასაც მარტივი ახსნა აქვს – როგორც კი „დიფ სთეითის“ რებრენდინგი დასრულდება, ის საქართველოს გაძლიერებული ტრამპის ხელით შემოუბრუნდება და აგენტურით მის ჩანაცვლებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება ახალი ადმინისტრაციის ხელით „დიფ სთეითის“ ახალი შეტევისთვის წინასწარ უნდა შეამზადოს“.

„გლობალური ომის პარტია” მმართველი პარტიის კონსპირაციაა. ხელისუფლების წევრები ხშირად ავრცელებენ დაუსაბუთებელ მოსაზრებებს, რომ სწორედ „გლობალური ომის პარტიას” სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

ხოლო საერთაშორისო კონსპირაციის თანახმად, deep state არის ჩრდილოვანი მმართველობა – ხელისუფლების ტიპი, რომელიც მოიცავს ძალაუფლების საიდუმლო და არაავტორიზებულ ქსელებს და რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად საკუთარი დღის წესრიგისა და მიზნების მისაღწევად.