შათირიშვილი: იმ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ზედმეტია, ემიგრაციაში უნდა წავიდეს

პუბლიკა

„ქართული ოცნების” პროპაგანდისტი, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც ზედმეტია, ემიგრაციაში უნდა წავიდეს.

„რადიო სივრცის” ეთერში შათირიშვილმა თქვა, რომ „ძალიან ბევრი მიდის ემიგრაციაში და ეს ძალიან სწორია”.

„ყოველთვის ასე ხდება. როცა კომუნისტებმა საბერძნეთში არჩევნები წააგეს, ძალიან ბევრი წავიდა. ასევე ბევრი წავიდა ბასკონიიდან.

ილიას უნივერსიტეტში რომ შეხვალ… როგორც თავის დროზე სტალინი როცა შევიდა სემინარიაში, გახდა რევოლუციონერი. ან უნდა გახდე ნორმალური ადამიანი, როცა დაინახავ, იქ რაც ხდება, ან უნდა მოხდეს ინდოქტრინაცია, ანუ უნდა დადებილდე. ასე რომ, ჯენ ზი რომ დადებილებულია, ძალიან სწორია. დადებილდება, აბა რა. შენც დებილი ხარ, იქ რომ შეგყავს. რაღაც ნაწილი ხომ უნდა იყოს დებილი.

სტატისტიკურად შეგიძლია შეამოწმო — 73 000 სტუდენტია და მათგან [აქციებზე] დადიოდა 3 000 ადამიანი პიკის დროს.

მე აბსოლუტურად ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველო არის ტრადიციების ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უფროს-უმცროსის პატივისცემას, ბევრ რაღაცას, მაგრამ არის აი, ეს ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი და ის უნდა წავიდეს აქედან ემიგრაციაში”. – თქვა „ოცნების” პროპაგანდისტმა.

შათირიშვილმა ასევე შეაქო ესპანეთის დიქტატორი ფრანკო:

„როგორც ბასკონიიდან კომუნისტები წავიდნენ საბჭოთა კავშირში, როცა ფრანკომ დაიცვა ზუსტად ასე, როგორც დღეს ჩვენ ვიცავთ, რელიგია, იმიტომ რომ საშინელება ხდებოდა…და ძალიან სწორი გააკეთა, იმიტომ რომ მაშინ სხვა გამოსავალი არ იყო, როდესაც სამი წლის განმავლობაში ათასობით მორწმუნე მოკლეს, ეპისკოპოსები დახოცეს, ეკლესიები გაანადგურეს. სხვათა შორის, ბევრად უფრო მძიმე მომენტი იყო, ვიდრე ბოლშევიკური დევნა.

ფრანკო ჩემთვის არის გმირი, რომელმაც გადაარჩინა ესპანეთი ანარქიზმისაგანდიფსთეითისაგან, ლიბერალიზმისაგან, ტროცკიზმისგან და ასე შემდეგ”.

ფრანცისკო ფრანკო სამხედრო დიქტატორი იყო, რომელიც ესპანეთს 1939 წლიდან სიკვდილამდე, 1975 წლის 20 ნოემბრამდე მართავდა.

მისმა სამხედრო ძალებმა სიკვდილით დასაჯეს და დააპატიმრეს ასობით ათასი ადამიანი. ეს რეპრესიები „თეთრი ტერორის” სახელითაა ცნობილი.

ფრანკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს ან გარდაიცვალა ციხეებსა და იძულებითი შრომით ბანაკებში.