„შავ ფულს არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით“ - პაპუაშვილი

პუბლიკა

„როდესაც ვსაუბრობთ შავ ფულზე, აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე. აქ ვგულისხმობთ შავ ფულზე, ფულზე, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – ამის შესახებ განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ოზურგეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პაპუაშვილს სთხოვეს, შეეფასებინა ევროპარლამენტარების გამოსვლები, რომელშიც მათ საპარლამენტო უმრავლესობის და შსს-ს მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრეს.

პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ადანაშაულებს ევროპარლამენტარების ჯგუფს საქართველოში შავი ფულით რადიკალიზმის დაფინანსებაში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, რატომ არ იწყება გამოძიება და ისჯება ვინმე, პაპუაშვილი ამბობს, რომ კანონის არარსებობის გამო ამ ინფორმაციას შემთხვევით იგებენ.

„ასეთ ინფორმაციას კანონის არარსებობის პირობებში ვერ ვიგებთ პირდაპირ, შემთხვევით მესმის ხოლმე… მაგალითად, ქალბატონი ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტიდან გავიგეთ შემთხვევით, რომ თურმე „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ აფინანსებს NGO „დროას“, რომელიც არის პარტია „დროას“ ასლი და ამით მიდიოდა პარტიის დაფინანსება. ესაა კანონის გვერდის ავლა, ესაა ჩარევა პოლიტიკაში, ესაა რადიკალების დაფინანსება. ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს უნდა, დარჩეს ჩრდილში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეკითხვაზე – რატომ არ იწყებენ გამოძიებას – პარლამენტის სპიკერი ამბობს, რომ ეს არაა სისხლის სამართლის დანაშაული. შეკითხვაზე: „შავი ფულის ქვეყანაში შემოსვლა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული?“ – პაპუაშვილი ამბობს:

„როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ შავ ფულზე, აქ რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ საგადასახადო მნიშვნელობით შავ ფულზე, აქ ვგულისხმობთ შავ ფულზე, ფულზე, რომელიც უცნობია ჩვენი საზოგადოებისთვის და ისე იხარჯება, იმისთვის, რომ თავს მოახვიონ გარკვეული აზრები“, – განაცხადა მან.