კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 6 ინსპექტირებიდან 5 ჩაატარა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაშია.
„გრინსერვის+ის“ კონტრაქტორი შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო“ შავ სიაში 2022 წლის აპრილიდან არის შეყვანილი. კომპანიის დირექტორს, ზურაბ ამირანაშვილს „TV პირველი ესაუბრა“.
„ჩვეულებრივი დამკვეთი იყო [გრინსერვის+], გვიკვეთავდა ექსპერტიზას და ვუსრულებდით, მეტი არაფერი. ბოლო ერთი თუ ორი დასკვნა ჩაატარეს სხვებმა. […] ჩვენ ჩავატარეთ მხოლოდ დემონტაჟის სამუშაოებზე ექსპერტიზა, მერე რაღაც ბეტონების სამშენებლო სამუშაოები იყო, ანუ ბეტონები ჩაასხეს და მაგაზე ჩავატარეთ. […] ელექტროობის ნაწილზე რომ გადავიდნენ, ჩვენთან აღარ მოვიდნენ, უკვე სხვაგან წავიდნენ“, – აცხადებს ზურაბ ამირანაშვილი.
მისივე თქმით, „რა ეტაპებიც გავაკეთეთ, იმ ეტაპებში ელექტროობა არ იყო“.
დოკუმენტის მიხედვით, „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.
„შავი სია მიკრძალავს უბრალოდ ტენდერებში მონაწილეობას, თორემ ფიზიკურ პირს და ჩვეულებრივ იმასთან პრობლემა არა მაქვს“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა „TV პირველთან“.
მისივე თქმით, „შავ სიაში მოხვედრა და ერთი რაღაცა დანაშაული იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შიმშილით მოვკდე და აღარ ვიმუშაო?“
ზურაბ ამირანაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ მოხვდა გარდაცვლილი ექსპერტის ხელმოწერა სატენდერო დოკუმენტაციაში:
„სანამ ცოცხალი იყო, გადმოგზავნილი ჰქონდა მეილზე ფაქსიმილია და დავადეთ ის“
ჟურნალისტი: გარდაცვლილი ადამიანის ხელმოწერა რატომ დაადეთ დოკუმენტს?
დირექტორი: იმიტომ, რომ ვურეკავდით და არ გვპასუხობდა.
ჟურნალისტი: მისი თანხმობა არ გქონიათ, რომ ის ექსპერტიზას ჩაატარებდა?
დირექტორი: არა.
კომპანიის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ „ჩვეულებრივად ვაგე პასუხი. [კომპანია] შავ სიაშიც მოხვდა, გამასამართლეს კიდეევაც, აკრედიტაციაც გამიუქმეს“.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ. დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.