დღეს POSTV-სთან აქცია აღარ გაიმართება - „სანაცვლოდ შევუერთდეთ კვირას დაგეგმილ მარშს“

პუბლიკა

განახლება: სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელეკომპანია POSTV-სთან დღეს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება – ინფორმაციას ამის შესახებ თანაორგანიზატორები ავრცელებენ.

ორგანიზატორები საზოგადოებას მოუწოდებენ, დღეს დაგეგმილი აქციის ნაცვლად, შეუერთდნენ 2 აპრილს დაგეგმილ ქალთა სოლიდარობის მარშს.

„თათია სამხარაძის თხოვნით, დღევანდელ აქციას ვაუქმებთ და მოგიწოდებთ, სანაცვლოდ შევუერთდეთ კვირას დაგეგმილ ქალთა სოლიდარობის მარშს, 2 აპრილს, 18:00-ზე, აღმაშენებლის გამზირზე. გთხოვთ აღარ მიხვიდეთ პოსტივის ოფისთან“, – წერს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი თამარ ჯაყელი Facebook-ზე.

შავი დღე შალვას: არა ძალადობის მანქანას!“ – ქალთა ორგანიზებით დღეს, 28 მარტს 19:00 საათზე სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია POSTV-ის ოფისთან (ბოხუას ქუჩა N6) საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო.

აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ მოქალაქეები გააპროტესტებენ „ამ ტელევიზიის და კონკრეტულად შალვა რამიშვილის მიერ ნასაზრდოებ ძალადობას, სექსუალურ შევიწროებას, ბინძურ რუსულ პროპაგანდას, მორალურ ტერორსა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას“.

„შალვა რამიშვილი „ქართული ოცნების“ მთავარი პროპაგანდისტი და გახრწნილი სისტემის თვალსაჩინო სახეა. ის სექსუალურად ავიწროვებს ქალებს, ავრცელებს რუსულ პროპაგანდას, ტირაჟირებს სიძულვილის ენას და მორალურ ტერორს უწყობს ყველას, ვინც მისი პროპაგანდის მანქანის წინააღმდეგ წავა“, – აცხადებენ ორგანიზატორები და დასძენენ – „შავი დღე შალვას! სოლიდარობა ყველა დაზარალებულს!“