„შავი ზღვის რეგიონში გაძლიერდეს აშშ-ის პოლიტიკა" - სენატში კანონპროექტი დააინიცირეს

პუბლიკა

აშშ-ის სენატში ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ შავი ზღვის რეგიონში გაძლიერდეს აშშ-ის პოლიტიკა. კანონპროექტის ინიციატორები სენატში წარმოდგენილი ორივე პარტიის წევრები არიან.

„შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი წერტილია. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მიერ საკვანძო პორტების დახშობის შედეგებს, რამაც გამოიწვია გლობალური კრიზისი. მოქმედებაა საჭირო. ამიტომ მე ვხელმძღვანელობ ახალ კანონპროექტს სენატორ მით რომნისთან ერთად“, – ამის შესახებ Twitter-ზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დაწერა.

როგორც შაჰინმა The Daily Beast-ს განუცხადა, რადგან ვლადიმერ პუტინი აგრძელებს ომს უკრაინაში, შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს გამოწვევების გადასაჭრელად, რომელიც პუტინმა ევროპისა და აშშ-ის უსაფრთხოებას შეუქმნა.

 „ეს არის ზუსტად ის, რის გაკეთებასაც ჩვენი კანონპროექტი ცდილობს გეოპოლიტიკურად კრიტიკული რეგიონის შავი ზღვის რეგიონში პოლიტიკის გადახედვით“, – განაცხადა შაჰინმა.

როგორც The Daily Beast წერს, პუტინი დიდი ხანია, დაინტერესებულია რუსეთის წვდომით შავ ზღვაზე სუვერენული ქვეყნების გავლით და ამ ქვეყნების საზღვრების მორღვევით. სენატორ შაჰინის თქმით, აუცილებელია შავის ზღვის რეგიონზე ფოკუსირება.

„რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელიც ესაზღვრება ზღვას, შემდეგ იყო ყირიმის ანექსია 2014 წელს. რუსეთი უკრაინას 2014 წლიდან უტევს, წელს კი ხელახლა შეიჭრა. სენატორები შაჰინი და რომნი ეყრდნობიან იმ აზრს, რომ თუ შეერთებული შტატები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს შავი ზღვის რეგიონს და შეთანხმებულ ძალისხმევას გამოიყენებს იქ უსაფრთხოების საკითხებში, ამან შეიძლება შეაფერხოს პუტინის პროგრესი“, – წერია გამოქვეყნებულ სტატიაში.

შაჰინისა და რომნის კანონპროექტს ასევე მხარს უჭერენ სენატორები: დემოკრატებიდან კრის კუნსი, რესპუბლიკელი ტომ ტილისი, დემოკრატებიდან ბენ კარდინი  და რესპუბლიკელი როჯერ ვიკერი.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეიმუშაოს სტრატეგია NATO-სთან და ევროკავშირთან შავი ზღვის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების გასაზრდელად.