შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტერიალზე საქართველო მინისტრის დონეზე არ მიიწვიეს

პუბლიკა

შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტერიალზე საქართველო მინისტრის დონეზე არ მიიწვიეს. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი ადასტურებს.

„ევროსკოპის“ შეკითხვაზე, მიწვეული იყო თუ არა საქართველო უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხების შესახებ მინისტერიალზე, რომელშიც შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, კაია კალასმა უპასუხა:

„საქართველო მინისტრების დონეზე მოწვეული არ ყოფილა“.

ფოტო: რიკარდ იოზვიაკი
ფოტო: რიკარდ იოზვიაკი

ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი არ იყო მიწვეული, თავდაპირველად „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრო 23 სექტემბერს გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ეს „ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს”.

„ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მხრიდან დაგეგმილ მინისტერიალში საქართველოს ელჩის დონეზე მოწვევა ევროკავშირის ინსტიტუტის არასერიოზულ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. არის არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ მარტივი გეოგრაფიული რეალობის უარყოფის დემონსტრირება და წარმოადგენს კიდევ ერთ მცდელობას, ევროკავშირის ღონისძიებებზე საქართველოს მოწვევის საკითხი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საქართველოში რადიკალური დღის წესრიგის და პოლარიზაციის წასახალისებლად.

ვიმედოვნებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი კარგად აცნობიერებს გეოპოლიტიკურ საჭიროებებს, აფასებს საქართველოსთან პარტნიორობას, საქართველოს როლს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის საკითხში და არ იზიარებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მსგავს დამოკიდებულებას საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.