„შეასრულეთ ფიცი, ემსახურეთ საქართველოს“ - ემიგრაციაში მყოფი ვეტერნების მიმართვა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლებს

პუბლიკა

„გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს“ – ემიგრაციაში მყოფი ვეტერნები საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების სახელზე მიმართვას ავრცელებენ.

სოციალურ ქსელში ვიდეო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, გიორგი შაიშმელაშვილმა გამოაქვეყნა.

„ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების ემიგრაციაში მყოფი ვეტერანები საქართველოს ეროვნული გმირებისა და ჩვენი დროშის ფონზე ვერთიანდებით ერთი მიზნით: ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს გადასარჩენად.

დღეს სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის ჟამი დგას, რა დროსაც ჩვენი ერთობით, ბრძოლისუნარუანობითა და სიმტკიცით უნდა გადავარჩინოთ საქართველო, რათა არ გახდეს რუსეთის მონობის, უსამართლობისა და სრული უიმედობის მსხვერპლი. ჩვენ დღეს ვერთიანდებით სამშობლოს, ეროვნული გმირებისა და მომავალი თაობების გამო. ეს ერთიანობა ეძღვნება 4 ოქტომბერს.

დღეს, როცა საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი უნდა გადაიშალოს, ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ახალი საქართველოს დაბადება.

თუ ვინმემ იცის აბსოლუტური სიზუსტით რა ხდება დღეს ქვეყანაში, ეს ძალოვანი სტრუქტურებია, ამიტომ მოგმართავთ თქვენ, რიგით და საშუალო რგოლის თანამშრომლებს და არამც და არამც თქვენს ხელმძღვანელებს, რომლებმაც უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი და ისინი სიბნელის მხარეს დადგნენ. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,

დადგა დრო, როცა ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. დადგა დრო, როცა ერთი და იგივე წლობით სისტემაში ჩამჯდარმა ყველა რეჟიმისა და მთავრობის მონა-მორჩილმა, ყველა დანაშაულებრივი ბრძანების უსიტყვო შემსრულებელმა ერთი და იგივე სახეებმა აღარ უნდა გმართონ. მოვიდა დრო, ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები. მათ შორის, განხორციელდეს ძალოვანი სისტემების საფუძვლიანი, სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება ერთის მხრივ მშვდიობაზე, სამართლიანობასა და უსაფრთხოების დაცვაზე და მეორე მხრივ საკანონმდებლო დონეზე თანამშრომელთა მოვალეობების დარეგულირებაზე. მოვიდა დრო და თქვენ კი გეძლევათ შანსი, გახდეთ ამ უნიკალური ცვლილებების თანამონაწილე. […]

ცხადია თქვენც, ჩვენც, მათაც და ყველა სხვასაც ესმის, რომ ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს, ამაში არაფერია არაბუნებრივი. პირიქით, თუ ვინმე ასე არ ფიქრობს, ისაა უცხო. თუმცა მათ და ჩვენ ყველას ერთად, მთელ ქვეყანას ეს ხმები მოგვპარეს. მოპარული ხმების ერთ-ერთი თანამონაწილე კი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები იყავით და ეს ყველაზე კარგად თქვენ იცით, ვინაიდან იძულებით გაქციეს ამ სიბინძურის თანამონაწილეებად. […]

ამ სისტემური დანაშაულებების თანამონაწილედ თქვენ თქვენი მოქმედებით თუ უმოქმედობით გხდიან და ეს ყველაფერი თქვენი სახელით კეთდება. ამ პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში, როცა ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას მთელი ძალით და სრული რესურსებით ახორციელებს რუსული ოცნება.

თქვენ ხართ ერთადერთი დასაყრდენი, რაზეც დგას ახლა არალეგიტიმური და არაკანონიერი ხელისუფლება. არ დასჭირდება ისტორიას ბევრი დრო ამ მოვლენების შესაფასებლად, მიეცით თქვენ შვილებს და შვილიშვილებს საშაულება, იამაყონ თქვენით. […]

ირწმუნეთ რომ ბევრი ხართ, ირწმუნეთ ერთმანეთის, ირწმუნეთ იმ გმირების, რომლებიც იცავდნენ ეროვნულ ინტერესებს, ირწმუნეთ ახალგაზრდა თაობის, რომლებიც სისტემიდან წამოსულ თითოეულ თქვენთაგანს აღტაცებით შეხვდება და გულისფანცქალით გელოდებათ, ვინ იქნებით შემდეგი, რომ მიგიღოთ, რომ გმირებად გაქციოთ. ირწმუნეთ თქვენი სამშობლოს მომავლის, რომ თქვენ უნდა ააშენოთ ახალი ევროპული საქართველო, ახალი ევროპული ძალოვანი სისტემებით.

ბოლოს და ბოლოს ირწმუნეთ საკუთარი თავის. გამოეცალეთ მაგ ბოროტ სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ, თქვენ კი წამოდით და თან წამოიღეთ თქვენი წილი ღირსება, რაც ამდენი წელი სიამაყით ატარეთ. უბრალოდ შეასრულეთ თქვენი ფიცი – ემსახურეთ საქართველოს!

და ბოლოს დავასრულებ გიორგი კვნიკაძის სიტყვებით: „თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, თქვენ იპოვით თქვენს საქციელს“. დიდება გმირებს!“ – თქვა შაიშმელაშვილმა.