„პარტიზანი მებაღეები“ გოგა ზაქაიძის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან, ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კახა კალაძის განცხადების (2019 წლის 25 იანვარს) მიუხედავად, ირკვევა, რომ ინვესტორი დღემდე არ დაუკმაყოფილებია მერიას, მიწა კვლავ გიორგი ზაქაიძის კუთვნილებაშია და მეორე ინსტანციაში მოგებული სასამართლოს ოქმის მიხედვით მას იურიდიულად აქვს მშენებლობის უფლება.
პარტიზანი მებაღეები მოითხოვენ, შეასრულოს კახა კალაძემ პირობა, დაასრულოს მოლაპარაკებები ინვესტორთან და „რესტორანი ბუდაპეშტის” ნაკვეთი ოფიციალურად შეურეთდეს ვაკის პარკის ტერიტორიას.
„მიუხედავად იმისა, რომ კახა კალაძე ბოლო პერიოდში გამოდგა ჩვეულებრივი მატყუარა, გადამგდები და მისი სიტყვის ფასი ჩვენთვის ნულის ტოლია (იხილეთ პროპორციული არჩევნები, ანას ბაღი, მშენებლობა ვერეს ხეობაში და კიდევ სხვა მსგავსი მაგალითი), ჩვენ ჩვენი სახელით პირობას ვდებთ, რომ „მათ ხელისუფლების პირობებში” კი არა, ვაკის პარკში სასტუმრო არასოდეს აშენდება!“, – ნათქვამია „პარტიზანი მებაღეების“ განცხადებაში.
„თუ სახელმწიფოს არ უნდა, რომ გაგვიცვალოს [ადგილი] ან იყიდოს, ჩვენ მით უმეტეს არ გვაქვს სურვილი, რომ რამე გავყიდოთ ან გავცვალოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენივე ტერიტორიაზე გავაგრძელოთ მშენებლობა“, – განაცხადა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ „პუბლიკასთან“.
მისი თქმით, სასამართლოს შემდეგ სახელმწიფოს მიეცა დავალება, რომ აღედგინა კომპანიისთვის მშენებლობის ნებართვა, რადგან სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვაკის პარკში მშენებლობა იყო კანონიერი, თუმცა ისინი დასთანხმდენენ ქალაქის მერიის თხოვნას, ჩანაცვლებაზე.
ერთი წლის წინ, 2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ: „ვაკის პარკმა გაიმარჯვა და ამ კონკრეტულ ადგილზე არაფერი აშენდება“.
მანამდე კი უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო.
უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ.
საქალაქო სასამართლოს ბათილად ჰქონდა ცნობილი განკარგულება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისათვის სპეციალური ზონალური ნებართვის გაცემის შესახებ.
„თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ქ. თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დაამტკიცდა. ასევე, არ გაუქმდა არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა”, – წერდა „მწვანე ალტერნატივა”.