შედგა შეხვედრა თეა წულუკიანთან ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებით - საპატრიარქო

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2 აგვისტოს შედგა შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის.

„განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებაში.

დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

გამოითქვა იმედი, რომ ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები“, – ნათქვამი განცხადებაში.


კულტურის სამინისტრო შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონენტების გადატანას გეგმავს. მიზეზი ისაა, რომ სამინისტროს თქმით, შენობა ცუდ მდგომარეობაშია და მას აღდგენა სჭირდება.

შექმნილია საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“, რომელთაც მიაჩნია, რომ მუზეუმში დაცული კულტურის საგანძური იკარგება და ნადგურდება. ისინი აანონსებენ საპროტესტო აქციებს მოთოვნით, არ დაინგრეს ხელოვნების მუზეუმი, მისი რესტავრაციის პროცესი შესრულდეს სპეციალისტების მიერ, გასაჯაროვდეს ექსპონანტების ევაკუაციის გეგმა, სამინისტრომ უზრუნველყოს გადაწყვეტილებებში სამინისტროს ჩართულობა.