შეძრული ვარ ნანახი სცენით - დიდი ბრიტანეთის ელჩი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი ეხმაურება.

„შეძრული ვარ ამ დილით „ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისთან ნანახი სცენით. ძალადობა და ქაოსი თბილისში არის უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და შემდგომ დღეებში“, – წერს კლეიტონი.

ნიკა მელია ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა დააპატიმრა.

ოფისზე შტურმი გამთენიისას დაიწყო. სპეცრაზმი ოფისში შეიჭრა ძირითადი შესასვლელიდანაც, სახურავიდანაც და ძალის გამოყენებით შეაღწიეს მელიას კაბინეტამდე. მათ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.

მანამდე სპეცდანიშნულების რაზმმა მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების გაყვანა დაიწყო. ოფისთან მობილიზებულია ასობით პოლიციელი, სპეცრაზმელი, სასწრაფო დახმარების მანქანები.