შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით - ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი პენიტენციური სამსახურის მიერ სააკაშვილის შესახებ დღეს გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება.

„შეძრწუნებული ვარ ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობით. სავალალოა საქართველოს მთავრობის მიერ ამ ვიდეოების გავრცელება.

საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება, ხოლო „ქართული ოცნება“ სულ უფრო მეტად ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

ევროპარლამენტარის თქმით, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება, რომ დაესწროს თავის სასამართლო პროცესს, რომელიც არ იქნება პოლიტიზებული.

„საქართველომ უნდა გადალახოს ეს ქაოსი და დაიწყოს რეალური პრობლემებზე ზრუნვა, როგორიც არის რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა.

და ვინ ხეირობს ამ უსარგებლო დრამით? არა საქართველოს მოსახლეობა ან მისი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ისინი, ვინც სიამოვნებით თელავენ ქართულ ხუთჯვრიან დროშას“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც თავის მოსაზრებას რუსულ ტელეარხის Россия-1-ის ერთ-ერთ გადაცემიდან ურთავს ფოტოს, რომელშიც სტუდია ისე იყო მოწყობილი, რომ გადაცემის წამყვანები, ოლგა სკაბეევა და ევგენი პოპოვი იატაკზე გამოსახულ საქართველოს დროშაზე იდგნენ.