შეეზღუდოთ ივანიშვილის კომპანიების თანამშრომლებს თანამდებობის დაკავების უფლება - დოლიძე

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი ანა დოლიძე გამოდის ინიციატივით, დეოლიგარქიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანებს შეეზღუდებათ საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობის დაკავება.

ანა დოლიძე ამბობს, რომ დღეს ერთ-ერთი საჭირბოროტო საკითხია ოლიგარქიული მმართველობის გავლენის შესუსტება, ანუ დეოლიგარქიზაცია.

„ოლიგარქიული მმართველობა ნიშნავს არაფორმალურ მმართველობას და არაფორმალურ გავლენებს ოლიგარქის, ანუ განსაკუთრებული მატერიალური შესაძლებლობის მქონე პირის მხრიდან. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენი ამოცანაა, წარმოვადგინოთ იდეები, რომლებიც  შეზღუდავს ამ არაფორმალური მმართველობის გავლენებს.

ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი, რითაც ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობას ახორციელებს, არის მის ბიზნესებში მანამდე ნამუშევარი ადამიანები. ამ ბიზნესებში იგულისხმება არა მხოლოდ ბანკი „ქართუ“, არამედ სხვა ბიზნესები, კომპანიები, ტელევიზიები, რომლებსაც ფლობდა ან განკარგავდა ბიძინა ივანიშვილი.

ჩვენ გთავაზობთ და ვთავაზობთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც მუშაობს დეოლოგარქიზაციაზე წარმოადგინოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში მომუშავე ადამიანებს შეეზღუდებათ საქართველოში პოლიტიკურ თანამდებობის დაკავება.

პირები, რომლებმაც განავითარეს პროფესიული, პირადი, სანდო ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, მათ შორის ბანკი „ქართუში“ მუშაობის გზით ამ პირებს არ ექნებათ საშუალება და არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაიკავონ პოლიტიკური თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში”, – ამბობს ის.

ანა დოლიძის თქმით, მაგალითისთვის მოგახსენებთ, რომ ამ შეთავაზებით თანამდებობებზე ვერ იქნებოდნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, ირაკლი ქარსელაძე, ზურაბ აზარაშვილი, ლაშა ხუციშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილო, დაჩი ბერაია და კიდევ არა ერთი პირი.