შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი PIRLS 2021-ის კვლევის ზოგად მიგნებებს აქვეყნებს

პუბლიკა

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევის – PIRLS  შედეგებს აქვეყნებს.

წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით საერთო ჯამში 346 992-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოდან PIRLS-ში მონაწილეობდა 190 სკოლის 5 637 მოსწავლე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, კვლევაში მონაწილე ქვეყნებში პანდემიის გამო არსებული ერთმანეთისაგან განსხვავებული ვითარების, ტესტირების ჩატარების სხვადასხვა პერიოდისა და მოსწავლეთა განსხვავებული საშუალო ასაკის გათვალისწინებით, საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით (IEA), მიზანშეწონილია ერთმანეთს არ შედარდეს იმ ქვეყნების შედეგები, რომლებმაც ტესტი შემოდგომაზე დაწერეს იმ ქვეყნების შედეგებთან, რომლებმაც ტესტი გაზაფხულზე შეასრულეს.

PIRLS-ის მონაცემები მიუთითებს, რომ მონაწილე ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში შესამჩნევია მიღწევების არსებითი გაუარესება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც წიგნიერებაში საშუალო ქულის კლება გამოვლინდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წიგნიერებაში მოსწავლის მიღწევების შეფასებასთან ერთად კვლევის ამოცანას მოსწავლის წიგნიერების მიღწევებსა და წიგნიერების უნარების ჩამოყალიბებაზე სკოლის, მასწავლებლისა და ოჯახის ფაქტორების ზეგავლენის შესწავლაც წარმოადგენს.

ამ ფაქტორების ზეგავლენა მოსწავლეთა მიღწევებზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები კვლევის ეროვნული ანგარიშის სახით მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი.

ამ ეტაპზე ცენტრმა გაავრცელა რამდენიმე ზოგადი მიგნება:

  • კვლევაში ჩართული 57 ქვეყნიდან ბიჭები მხოლოდ 6 ქვეყანაში ახერხებენ, გოგონების მსგავსი მიღწევები ჰქონდეთ წიგნიერებაში. დანარჩენ 51 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, გოგონებს წიგნიერებაში უკეთესი მიღწევები აქვთ, ვიდრე ბიჭებს. კვლევაში ჩართულ არცერთ ქვეყანაში ბიჭებს არ აქვთ უპირატესობა გოგონებთან შედარებით. საქართველოში სქესის მიხედვით მოსწავლეთა მიღწევებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია და ნარჩუნდება კვლევის მთელი ციკლის განმავლობაში;
  • ბოლო წლების კვლევების თანახმად, საქართველოში ქალაქისა და სოფლის სკოლების შედარებითი ანალიზი მოსწავლეთა წიგნიერებაში ნაჩვენებ მიღწევებში ქალაქის სკოლების უპირატესობას ავლენს, თუმცა 2021 წლის კვლევა სოფლის სკოლების მიღწევების გაუმჯობესების გამო სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის სხვაობის შემცირებას გვიჩვენებს. სოფლის სკოლების მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება ასევე შეინიშნებოდა 2019 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნებში გამოვლენილ მიღწევებში (TIMSS 2019);
  • 2021 წლის კვლევაში კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მიღწევებს შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა შენარჩუნდა. კერძო სკოლების მოსწავლეები უკეთესად ართმევენ თავს წიგნიერებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულებას.

PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) მეოთხეკლასელი მოსწავლეების წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელსაც საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) 2001 წლიდან ატარებს. საქართველომ ბოლო ოთხ ციკლში (2006, 2011, 2016 და 2021 წლები) მიიღო მონაწილეობა. საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის ჯგუფი უძღვება. კვლევა მიზნად ისახავს 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასებას და იმის დადგენას, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტური ფაქტორები, როგორებიცაა: სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სხვ. PIRLS კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების გააზრების პროცესებზე ახდენს ფოკუსირებას. PIRLS-ის შეფასების ნახევარი ლიტერატურული გამოცდილების მიღებაზე ფოკუსირდება, მეორე ნახევარი კი − ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებაზე.