ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „ჩემი ქალაქი მკლავს” და „მწვანე პოლუსის“ საკანონმდებლო ინიციატივას შეფერილ გამონაბოლქვთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებაზე.
კანონპროექტი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერაა ინიცირებული.
„ჩემი ქალაქი მკლავს“ და „მწვანე პოლუსის“ დამფუძნებლის, გიორგი ჯაფარიძის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება ჯარიმები შეფერილი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილთა მძღოლებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდმეწარმისთვის.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით, ის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გამონაბოლქვში აქვს გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა ისეთი შემცველობა, რომელიც აჭარბებს დადგენილ ნორმას ან ვიზუალური დათვალიერების ტესტის გავლის შედეგად მასში აღმოაჩნდება შეფერილი გამონაბოლქვი – დაჯარიმდება 30 ლარით.
1 წლის განმავლობაში აღნიშნული სამართალდარღვევის ხელმეორედ ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზიკური პირისთვის 100 ლარის, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 300 ლარის ოდენობით.
მესამედ და ყოველ შემდეგ შემთხვევაში ჩადენა 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას – ფიზიკური პირისთვის 300 ლარის, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით.
როგორც კანონპროექტის ავტორები წერენ, ამ მუხლის მიზნებისთვის ვიზუალური დათვალიერების ტესტი გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას ძრავის უქმი სვლის რეჟიმში 5 წამის განმავლობაში, ან ძრავის წუთში 2500-3000 ბრუნზე მუშაობისას. შემოწმებას ვერ გაივლის ავტომობილი, რომელსაც უფიქსირდება ვიზუალურად ხილული შავი, ლურჯი ან ნაცრისფერი შეფერილობის გამონაბოლქვის გამოფრქვევა.
როგორ ასაბუთებენ კანონპროექტის ავტორები ცვლილებების საჭიროებას:
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 993 337 ავტომობილია. არსებობს სამი ძირითადი დამაბინძურებელი, რომელთა წყაროც ავტომობილებია: მყარი ნაწილაკები – ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით.
„სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების კანონმდებლობის იმპლემენტაციიდან გასულია 4 წელი. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ავტომობილის მძღოლები ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით ხშირად მიმართავენ დროებითი მოწესრიგების ხერხს. ინსპექტირების დღეს იყენებენ მაღალი ხარისხის საწვავს, წმენდენ გამონაბოლქვის მილებს, ქირაობენ გამართულ ავტონაწილებს, იყენებენ სპეციალურ თხევად დანამატებს დაბინძურების დონის (CO-ის) შესამცირებლად.
აქვე აღსანიშნავია, რომ რეგლამენტით მხოლოდ CO-ის დონის კონტროლდება და ყურადღება არ ექცევა არანაკლებ მწიშვნელოვან დამაბინძურებლებს – აზოტის დიოქსიდსა და მყარ ნაწილაკებს. ამასთან, ცნობილია, რომ ავტომობილის ლურჯი, შავი ან ნაცრისფერი გამონაბოლქვი ნებისმიერ შემთხვევაში გამოწვეულია ავტომობილის იმგვარი ტექნიკური გაუმართავობით, რომელიც იწვევს ჰაერის ინტენსიურ დაბინძურებას.
ცალსახაა, რომ მარტოოდენ სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება ვერ აღწევს დასახულ მიზანს. ხშირად ვაწყდებით ავტომობილებს, რომლებიც შეფერილ გამონაბოლქვს გამოყოფს. მათი ტექნიკური ინსპექტირება ყოველწლიურად ტარდება, თუმცა შემოწმებებს შორის არსებულ დროის მონაკვეთში მათ მიერ ჰაერის დამაბინძურებელი წივთიერებების გამოყოფა ვერ კონტროლდება”, – წერია განმარტებით ბარათში.