მემკვიდრეობის პლატფორმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, შეწყდეს მისი განხილვა, რადგან კანონპროექტის შინაარსი დამაზიანებელია სახელმწიფოსთვის, მოქალაქეებისა და მათი კულტურული მემკვდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის.
„პარლამენტში დაიწყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა. კანონის მიხედვით, უცხოური გავლენის აგენტად ითვლება ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური რესურსია.
მოგახსენებთ, რომ „მემკვიდრეობის პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები მუშაობენ საქართველოს მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები წლების განმავლობაში იზიარებდნენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში. მაგალითისთვის, ევროკავშირის მხარდაჭერით არის შემუშავებული ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტი, როგორიცაა ‘საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025’.
სწორედ რომ უცხოური დაფინანსების მხარდაჭერითა და ჩვენი მუშაობის შედეგად შევძელით:
ისტორიული შენობების, ქუჩების, უბნების რეაბილიტაცია თბილისსა და რეგიონებში; საქართველოს საეკლესიო არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშების რესტავრაცია ფიტარეთსა და იკორთაში; ტრადიციული სამშენებლო ხერხების, ხელოსნობის კვლევა და სწავლება; კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის მოხალისეთა ახალგაზრდული ბანაკების შექმნა; კულტურული მემკვიდრეობის უსაფრთხოების გზამკვლევების შედგენა; სამუზეუმო სფეროს განვითარების ხელშეწყობა მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალებისთვის სწავლების საერთაშორისო პროგრამების შექმნით, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებითა და კვლევებით; ტრადიციული რეწვის დარგების რეაბილიტაცია, განვითარება, ოსტატების ხელშეწყობა და პროდუქციის შექმნა; სათემო ორგანიზაციების შესწვლა რეგიონებში და სათემო ინიციატივების მხარდაჭერა და ა.შ.
მიგვაჩნია, რომ მსგავსი კანონის ინიცირება და განხილვა დიკსრედიტაციას უწევს დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც, თავის მხრივ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების გადასახადების დახმარებით ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. კანონი ლახავს ჩვენს პირად და პროფესიულ ღირსებას, რომლის დაცვაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული. გარდა ამისა, გვეზღუდება კონსტიტუციით მონიჭებული უფლება: დავიცვათ კულტურული მემკვიდრეობა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის კურსისათვის, რომელიც ქართველი ხალხის გადაწყვეტილებით გახდა სახელმწიფო სტრატეგიის საყრდენი. კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მემკვიდრეობის პლატფორმა აერთიანებს:
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი საზოგადოება ბათომი
საქართველოს ეროვნული ფონდი
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია CDC სათემო განვითარების ცენტრი
ICOM საქართველო
ICOMOS საქართველო