შეგვიძლია, დღეში 500-დან 1000-მდე ტესტირება ჩავუტაროთ სომხეთიდან აღებულ ნიმუშებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საღამოს საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგება და დაზუსტდება, რით შეგვიძლია დავეხმაროთ მეზობელ ქვეყანას.

რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, გამყრელიძის განცხადებით, შესაძლებლობა აქვთ, რომ დღეში სომხეთიდან გამოგზავნილი  500-დან 1000-მდე ნიმუშის ტესტირება ჩატარდეს და ამის შესახებ სომხეთს უკვე შესთავაზეს, მეორე ვერსიით კი ცენტრს შეუძლია, ტესტსისტემების გარკვეული რაოდენობა საჩუქრად გადასცეს მეზობელ ქვეყანას.


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე სომხეთის მიმართ დახმარების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალით დაეხმარება ქვეყანა სომხეთს, რადგან მათი მხრიდან ასეთი თხოვნა იყო.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე, პირადად, ყოველდღიურად, კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები – ჯანდაცვის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ჩვენ უკვე მოვახდინეთ იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს და აქ ურთიერთთანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უკვე დავალება მიღებული იმისთვის, რომ მოამზადოს დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. ეს, როგორც ჩანს, პირველ რიგში იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, რადგან ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.