„სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს.
ის სთავაზობს საქართველოს ხელისუფლებას გზას, როგორ უნდა გახდეს საქართველო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბის ტექნოლოგიური ცენტრი.
გიორგი ვაშაძის ხედვით, ამისთვის აუცილებელია:
- ქვეყანაში დაინერგოს ელექტრონული მმართველობა და გატარდეს თანმდევი სხვა რეფორმები.
- შეიქმნას სპეციალური საგადასახადო სისტემა და ხელსაყრელი რეგულაციები ტექნოლოგიური კომპანიებისთვის.
- შეიქმნას „კრიპტო კოდექსი”, რომელიც იქნება პირველი მარტივი, ზუსტი და ჩარჩოებში მოქცეული გზამკვლევი ამ ინდუსტრიისთვის, რა მიმართულებითაც პირველ ნაბიჯებს დგამენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები.
„ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ პირველი ქვეყანა, რომელიც შეიმუშავებს მარტივ რეგულაციებსა და რეგისტრაციის ფორმებს კრიპტო სფეროს, ფინტექ და სხვა ტექნოლოგიური მიმართულებებისთვის. ეს ყველაფერი კი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მილიარდობით ინვესტიცია მოვიზიდოთ, შევქმნათ მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და გავაკეთოთ დიდი ეკონომიკური ნახტომი.
ეს საშუალებას მოგვცემს, უახლოეს 4-5 წელიწადში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-დან 7%-მდე სწორედ ტექნოლოგიების სფეროთი იქნება წარმოდგენილი და უამრავი ჩვენი თანამოქალაქე იქნება ამ სფეროში დასაქმებული“, – აცხადებს ვაშაძე.
განცხადების მიხედვით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს დეტალურად დამუშავებული პროექტი, „ბლოქჩეინ ტექნოლოგიური ქალაქის” სახით, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების, ისრაელის, აშშ-ს, უკრაინის, ბელარუსის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მაგალითებს.
„2017 წელს ჩვენ გვქონდა „ბლოკჩეინ ქალაქის” ინიციატივა, რასაც ახლა თანამედროვე სამყაროში განვითარებული ქვეყნები, სახელმწიფოები თუ ქალაქები განიხილავენ, მაგალითად როგორიცაა დუბაი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც „ჭკვიანი ქალაქი”, თუმცა ამ პროცესს სამწუხაროდ საქართველოში არ მოჰყვა შესაბამისი მხარდაჭერა , რის გამოც ქვეყანამ დაკარგა ინვესტიციები, ათასობით სამუშაო ადგილის შექნის შესაძლებლობა და მინიმუმ ხუთი წელი ამ მიმართულებით განვითარებისთვის.
საქართველოს არ აქვს დასაკარგი დრო და აუცილებელია სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტის ფართო ჩართულობით განხილვა. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მოდით დავიწყოთ ღია მსჯელობა გასატარებელ რეფორმებთან და ინიციატივებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა საპარლამენტო მექანიზმი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს შესაბამისი ინიციატივების რეგისტრაცია საკანონმდებლო ორგანოში“, – აცხადებს ვაშაძე.
ის მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობას, მხარი დაუჭიროს მის ინიციატივას, რადგან ეს არაა პარტიული კუთვნილების ჭრილში განსახილველი საკითხი.
ვაშაძე ასევე მიმართავს პრემიერ-მინისტრს, დანიშნოს შეხვედრა, სადაც განიხილავენ თავისუფალ ზონებზე და ბლოკჩეინ კრიპტო ქალაქზე ჩვენს მიერ მომზადებულ ინიციატივებს.