პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 2022 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ვერმიღებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გლობალური ომის პარტიას“ ევროკავშირზე მარტივად შეუძლია ზემოქმედების მოხდენა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო ვერ მიიღო საქართველომაც კანდიდატის სტატუსი. თუმცა ვინ არიან „გლობალური ომის პარტიაში“, ამაზე კობახიძემ პასუხს თავი აარიდა.
„რატომ არის მარტივი გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება: როცა მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სრული კონსენსუსია საჭირო. საკმარისია 27 ქვეყნიდან 1 გარეთ გამოსწიო და სტატუსი არ მოგენიჭება. ნახეთ, რა მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ზემოქმედება?!“ – განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
შეკითხვას, ვინ არიან „გლობალური ომის პარტიის“ უკან პასუხი არ გასცა და დაამატა, რომ სტატუსის ვერმიღება არა ევროკავშირის, არამედ სწორედ ამ პარტიის ზემოქმედებით მოხდა.
„არ დავასახელებ, ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ უხერხულობა არ მინდა შევქმნა. […] ჩვენ ამაში ვერ დავადანაშაულებთ ევროკავშირს, იმიტომ, რომ ევროკავშირს აქვს მყიფე გადაწყვეტილების მიღების წესი. 27-დან 1 ქვეყანაც რომ გამოსწიო, უკვე არ გენიჭება კანდიდატის სტუატის. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ ევრკავშირს, მაგრამ შეგვიძლია დავადანაშაულოთ გლობალური ომის პარტია იმაში, რომ მან განახორციელა ზემოქმედება ევროკავშირზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მას შეუძლია დაასახელოს „4-5 ქვეყანას, რომელთა ერთ დღეში გარეთ გამოწევა შეუძლია გლობალურ ომის პარტიას“. ამიტომ, კობახიძის თქმით, პოლიტიკურ კონტექსტზე იქნება დამოკიდებული, მიიღებს თუ არა წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს.
„მათი მთავარი მიზანი შარშან ივნისში იყო აქ ვითარების აყირავება – რევოლუცია და შემდეგ მეორე ფრონტი, თუ დიანახეს, რომ დეკემბერშიც ვერ მიაღწევენ ვითარების ცვლილებას, ხელისუფლების აყირავებას და მეორე ფრონტს, ამ შემთხვევაში იზრდება კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი“, – თქვა კობახიძემ.