„შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა, უნდა ვუთხრათ რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვერსალში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ქართულ თარგმანს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
„ჩვენ განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე, ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნებს, და განსაკუთრებით უკრაინას და უკრაინელებს, ამ წუთას სჭირდებათ ძლიერი სიგნალის გაგზავნა, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. შეგვიძლია კი ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყება ომის პირობებში მყოფი ქვეყნისთვის? ვფიქრობ, რომ არა.
უნდა დავუხუროთ კარები და ვუთხრათ, რომ არასდროს? ეს არასამართლიანი იქნებოდა. უნდა დავივიწყოთ რეგიონული წონასწორობა? აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გათვალისწინებით, ევროპა უნდა იყოს მზად ყველა შესაძლო სცენარისთვის.
მაკრონის თქმით, ის მუდმივ კონტაქტზეა რუსეთის პრეზიდენტთან, თუმცა მოლაპარაკებების პირობები, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს არავისთვისაა მისაღები.