შეიჭრნენ კუხიანიძის ოთახში. ძალადობა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან არის მიუღებელი – ტყემალაძე

პუბლიკა

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ დღეს საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „ტვ პირველთან“ ისაუბრა.

„რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მათი მიზანი ხომ ზუსტად ეს იყო. ჩვენ მივეცით საშუალება დღეს დილიდან, გამოვუყავით ოთახი, ყველაფერი უზრუნველვყავით, რომ, თუკი სურდათ სამუშაო ვითარებაში შეხვედრა, ჩვენ ამის უზრუნველყოფა გაგვეკეთებინა. ჩვენ ამის მერე ვნახეთ,  მათი მიზანი რა იყო. ისინი ღიადაც აცხადებენ, რომ  უნდათ, მოაწყონ დესტრუქციული ქმედებები, არეულობები, რასაც ჩვენ ვუყურებთ და რასაც ვხედავთ. ეს ადამიანები შეიჭრნენ კუხიანიძის ოთახში. ძალადობა როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან არის მიუღებელი“, –განაცხადა ტყემალაძემ.

მისივე თქმით, გუშინ საღამოს გაიმართა შეხვედრა ერეკლე კუხიანიძესთან, სადაც უმრავლესობის წევრებმა გამოხატეს უკმაყოფილება, რომ მათთვის განცხადება იყო მიუღებელი.

მისივე თქმით, პირველივე დღიდანვე დაფიქსირდა საკრებულოს პოზიცია, რომ ისინი არიან სოლიდარულები ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ და სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმის ტყეობიდან გათავისუფლდეს.

დღეს ხმაური იყო საკრებულოში.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში სტიკერები გააკრეს „ვაჟა ექიმი გმირია“. ამით აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა ოპოზიციის დეტუტატი ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც გაყვანის დროს ხელი მსუბუქად დაუზიანდა. მოგვიანებით კი კაბინეტიდან პოლიციამ და დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა აქტივისტები.


აქციის მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.

საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის. კუხიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.