შეიძინა და ინახავდა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალას - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 2007 წელს დაბადებული პ.პ. დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალა, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა მის კუთვნილ პერსონალურ კომპიუტერში“, – წერია განცხადებაში.

შსს ამბობს, რომ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.