პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, მათ თავად გადახედონ „ევროპელი სოციალისტების პარტიასთან“ (PES) ურთიერთობას, თუკი ისინი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობის გამო „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებენ და იფიქრებენ თანამშრომლობის შეჩერებაზე.
„შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ ურთიერთობების გადახედვაზე, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია ის, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან“, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ყველა ჯგუფის უფლებებს იცავს, მაგრამ მისი შეფასებით, პარტია „უარს არ ამბობს ეროვნულ იდენტობაზე“ და „არ ეწევა პროპაგანდას“. ამ მიზეზების გამო კი მიუღებელია მათთან თანამშრომლობის შეჩერება.
„ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ 28 აპრილს გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის წარმომადგენლებმა სხვა საკითხებთან ერთად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული სიტუაციაც განიხილეს.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ პარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი განაცხადებებისა და მოქმედებების შესახებ, მათ შორის, ბუდაპეშტში დაგეგმილი კონსერვატიულ ფორუმში მონაწილეობის და ვიქტორ ორბანის პოზიციის გაზიარების გამო.
„თუ პრემიერ-მინისტრს „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დამკვირვებელი წევრი პარტიიდან ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის კონსერვატიული სამოქმედო კონფერენციის ღირებულებების გაზიარება სურს, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, – განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკიმ.
26 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა. მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს.