შეიძლება გონივრული ეჭვი მქონდეს, თუ ვინ მისცა ხმა, მაგრამ არ დავასახელებ - მდინარაძე იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, მას შეიძლება ჰქონდეს „გონივრული ეჭვი“ თუ „ევროპელი სოციალისტების“ გარდა, კიდევ ვინ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატებიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 წევრის არჩევას მხარი. თუმცა მდინარაძის თქმით, ამ ოპოზიციონერი დეპუტატის ვინაობის გამხელას არ აპირებს.

„შეიძლება ჩემი გონივრული ეჭვი მქონდეს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მისცა ხმა, თუმცა, ბუნებრივია, ამას არ დავასახელებ, არ ჩავაგდებ თქვენს ყბაში და თქვენი ბულინგის მსხვერპლს არ გავხდი“, – თქვა მდინარაძემ.

ხოლო შეკითხვის საპასუხოდ, თუ რატომ იკავებს თავს ამ პოლიტიკოსის დასახელებისგან და რატომ იყო მათი „კულისებს მიღმა დარწმუნება“, მდინარაძის თქმით, ის დეპუტატს იცავს, რომ მორალურად არ გაანადგურონ და „დედა არ უტირონ“.

„მორალურად გაანადგურეთ ადამიანები, ვინც მხარი  წინა შემთხვევაში დაუჭირა ევრორეკომენდაციის შესრულებას და დღეს მეკითხებით, რა საჭირო იყო ფარულობა და მათი კულისებს მიღმა დარწმუნებაო. ის საჭიროება იყო, რომ დედა არ უტიროთ, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, არ გაანადგუროთ მორალურად, ბულინგის მსხვერპლი არ გახადოთ.

ვერ გაიგებთ ვერასდროს, ვინ იყო და შეიძლება, ვერც იეჭვოთ, ვინ იყო, იმიტომ, რომ ისე დააბულინგებთ, მორალურად მოკლავთ ადამიანს, როგორც წინა შემთხვევაში გააკეთეთ“, –  მიმართა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, კენჭისყრის გასამართად ელოდებოდნენ შუალედური არჩევნების შემდეგ უმრავლესობის 1 წევრით გაზრდას, რადგან ამ შემთხვევაში დამატებით სწორედ 1 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდათ.

„ჩვენ ველოდებოდით გიორგი სოსიაშვილის შემოსვლას, რომ ვყოფილიყავით 85-ნი და უფრო ადვილი ყოფილიყო ჩვენთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. იმიტომ, რომ მერე უკვე სხვა ოპოზიციური პარტიებიდან რჩებოდა მხოლოდ 1 ადამიანის მხარდაჭერის საჭიროება“, – თქვა მდინარაძემ.


პარლამენტმა დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად გოგა კიკილაშვილი და ლევან ნემსაძე აირჩია.

დადგენილების პროექტებს 90-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანდიდატებს გაცხადებულად მხოლოდ 89 დეპუტატი უჭერდა მხარს, ფარულ კენჭისყრაზე კი მხარდამჭერთა რაოდენობა კიდევ ერთი დეპუტატით შეივსო, სწორედ 90 ხმა იყო საჭირო მათ ასარჩევად.

მოგვიანებით, იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ვინც გაზაფხულზე კიდევ 3 არამოსამართლე წევრის არჩევას მისცეს ხმა, უარყვეს, რომ გოგა კიკილაშვილსა და ლევან ნემსაძეს მხარი დაუჭირეს.