შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა - კობახიძე მთავრობის სარჩელზე

პუბლიკა

„ეს არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელი უკავშირდებოდა მხოლოდ დავით ბაქრაძის არდანიშვნას, შეიძლება, ლოგიკურიც იყოს სარჩელის გამოწვევა, თუმცა არ ვიცი, ამაზე მთავრობა იმსჯელებს, რადგან მოსარჩელე მთავრობაა. თუ საჭირო იქნება, ბუნებრივია, მეც ჩავერთვები კონსულტაციაში“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა, უკან გამოითხოვს თუ არა მთავრობა სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოდან, რადგან სალომე ზურაბიშვილმა  დავით ბაქრაძე ელჩად უკვე დანიშნა.

„კარგია, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ასრულებს მხოლოდ ფორმალურ როლს ელჩის დანიშვნისას და გათავისუფლებისას, რეალურად ეს პრინციპი იქნა დაცული ამ შემთხვევაში, როდესაც ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა დავით ბაქრაძე, რაც ძალიან კარგია ჩვენთვის. მთავარი ამოცანა იყო კონსტიტუციის დაცვა და იმის უზრუნვეულყოფა, რომ ყველა ინსტიტუტს ემოქმედა კონსტიტუციურ ჩარჩოებში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციურ ნორმაზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს კონკრეტული საქმის ჭრილში, „ამ შემთხვევაში ეს ქეისი აღარ არსებობს, რადგან ბაქრაძე წარადგინა მთავრობამ და პრეზიდენტმა დანიშნა, აქედან გამომდინარე, აქ არის იურიდიული ნიუანსები, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი…“.