შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება [საგანგებო მდგომარეობის წესების] გამკაცრებაზე ქვეყნის მასშტაბით და არა ცალკეულ რეგიონში, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შეკითხვას, ხომ არ იგეგმება ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის წესების გამკაცრება.
„ჩვენ ჯერ ველოდებით საბოლოო ტესტირებების შედეგებს ლენტეხის კლასტერიდან. ქვეყანაში შესამჩნევია, რომ იზრდება რეგიონალური კლასტერების რაოდენობა და ეს გასათვალისწინებელია.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით [საგანგებო მდგომარეობის წესების] გამკაცრებაზე და არა ცალკეული რეგიონის ნაწილში, იმიტომ, რომ ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი; სერიოზული კლასტერია მარნეული, ბოლნისი; კლასტერი გაჩნდა ლენტეხშიც; სამეგრელოშიც არის ასევე რამდენიმე შემთხვევა; ბათუმში არის. ვნახოთ რა შედეგები გვექნება დღის ბოლომდე”, – განაცხადა გახარიამ.