შეიძლება მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება - გურამ მაჭარაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება იმ მოცემულობაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში 21 აპრილის წინა დღეებში.

„საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი,  თუ რა კონკრეტული მოცემულობაა.

აქედან გამომდინარე, 21 აპრილისთვის, სავარაუდოდ, შეიძლება, მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება, ჯერჯერობით, კონსულტაციების დონეზეა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილია მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და აღნიშნული საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ ვითარებაზე, რაც იქნება 21 აპრილამდე და საჭიროების მიხედვით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.​

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით 21 მარტს გამოცხადდა.