საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხდების საპასუხოდ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილის მიმართ იქნება გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია, ამაზე სახალხო დამცველის აპარატს აუცილებლად ექნება რეაგირება. ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოების მხრიდან კრიტიკა თანამდებობის პირისთვის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილია.
„რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად თანამდებობის პირები, ხშირ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში ვექვემდებარებით ძალიან მკაცრ კრიტიკას, აგრესიულ განცხადებებს და ა.შ. – ეს არის ჩვენი ვალდებულების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შეიძლება მისთვის არ არის სასიამოვნო ესა თუ ის შეფასებები და კრიტიკა, მაგრამ ეს არის საჯარო პირის თმენის ვალდებულების შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ ითვალისწინებს შეფასებას – „რომელიმე თანამდებობის პირს საზოგადოება აბულინგებს თუ არა“.
„ხშირ შემთხვევაში, არასწორი განცხადებები კეთდება თანამდებობის პირების მხრიდან, როდესაც სახალხო დამცველს სთხოვენ, დაიცვას ისინი საზოგადოების ბულინგისგან. ეს არ არის სახალხო დამცველის მანდატი და ვთხოვ ყველას, რომ კარგად გაეცნოს და ნახონ რა შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე სათანადოდ არ რეაგირებს.