შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში შალვა პაპუაშვილის მიერ თინა ბოკუჩავას მიმართ ძალის გამოყენებაზე საუბრისას განაცხადა. მან ამის შესახებ ,,პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, შალვა პაპუაშვილს მისი უშუალო დანიშნულებიდან და უფლებამოსილებიდან გამომდინარე შეიძლება, ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან თავისი განზრახვით, უბრალოდ, დაიცვა პარლამენტის თავმჯდომარე იმ რისკისგან, რომელიც შეიძლება ყოფილიყო და ეს რისკი იყო. შეიძლება საღებავი შეესხა, შეიძლება საწამლავი დაესხა, ჩვენ ხომ ვიცით, ეს ხომ გამოგვივლია. მათ შორის მათმა წარმომადგენელმა ქალებმა პარლამენტში დაასხეს საწამლავი და დაწამლეს იქ ხალხი. რატომ იყო არალოგიკური, რომ რაღაც სასწაული გაეკეთებინა, ვერ ვხვდები.
…იქ იყო დაპირისპირება და აი ამ ფონზე შალვა პაპუაშვილს რომ გაუჩნდა ლოგიკური ეჭვი, რომ რაღაც სხვა შეურაცხყოფის ფორმები გამოეყენებინა, არ იყო უსაფუძვლო…
ჩვენ ხომ ვიცით ასეთი ფაქტები, მაგალითად ეკა ბესელიას ფიზიკური შეხება ვანო ზარდიაშვილის მიმართ, მაგალითად საწამლავის დასხმა. ამიტომ, იმ მოცემულობაში ვერაფერს ვერ გამორიცხავდი და ერთადერთი რის თქმასაც ვცდილობ, რაც სურთ, რომ აქედან გამოიყვანონ, თითქოს კაცებმა ქალებზე მიზანმიმართულად იძალადეს, ეს არ იყო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანი ასევე მიიჩნევს, რომ 18 ივლისს ნონა მამულაშვილმა პოლიტიკური აქტი უხამსი ფორმებით გამოხატა.
„ნონა მამულაშვილისგანაც იყო გარკვეული, ჩემთვის უხამსი ფორმებით გამოხატული პოლიტიკური აქტი და ირაკლი ზარქუამაც ასევე პოლიტიკური ქმედება გააკეთა…
მე ისიც არ მომწონს კაცები რომ უბათქუნებენ ერთმანეთს და არც ის არ მომწონს რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება. პარლამენტი, რომელიც სახე უნდა ვიყოთ ყველაზე უარეს მაგალითს ვაძლევთ საზოგადოებას , მაგრამ ეს არ არის ჩვენი მხრიდან ინსპირირებული და დაწყებული და ამას ძალიან კარგად ხედავს ობიექტურად მოტივირებული ადამიანი“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.