„პოლარიზების დასრულება საჩუქრის შემდეგ, ვთქვათ პირდაპირ, მოტივაცია აღარ იქნებოდა იმდენი, ეს რომ მომხდარიყო. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, ორივეს, მმართველ ძალას და ოპოზიციას, რომ ეს პირობა შევასრულოთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
„გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, საჯაროდ განმარტება გააკეთა, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში, და ვალში ვართო. აქ რა არის გაუგებარი. მეორე თემა, მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები აქვთ, მეტი გამოწვევები აქვთ. მათაც განუსაზღვრეს პირობები, დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი, დავარქვათ საჩუქარი.
ჩვენს შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, სანამ ამ პირობებს არ შევასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს, მოლდოვის მდგომარეობას…. ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ვასწრებთ, ამის მიუხედავად შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა, გაიზიარა ევროკომისიის შეფასებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. შესაბამისად, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.