„შეიძლება, ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს, ქუჩაში იყიდება ჩამწერები, მე რა გავაკეთო?“ - სარჯველაძე

პუბლიკა

„შეიძლება ვინმეს ვინმე თავისი თანამშრომელი უსმენს. მე რა ვიცი, რა გავაკეთო, როგორ გითხრათ?! ქუჩაში იყიდება ჩვეულებრივ, მაგალითად, შეიძლება იყოს პატარა ჩამწერი. მე რა გავაკეთო ასეთ ფონზე? [პრეზიდენტს] მგონია, მცდარი განცდა აქვს, მე მაგალითად, არ მიჭირს ტელეფონით საუბარი; არ მიჭირს, ოთახში დავჯდე და ვინმეს ვესაუბრო, მაგალითად, ისეთ თემებზე, რომელიც შეიძლება, არ მინდა, სხვამ გაიგოს, არ მაქვს ეგ განცდა“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ აცხადებს, რომ საქართველოში ისეთი ვითარება არ არის, რომ ვინმეს მობილური ტელეფონით საუბრის ეშინოდეს.

სარჯველაძე ამბობს, რომ მოსმენების პრობლემას იმ კანონთან, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საერთო არაფერი აქვს.

„თუკი ვინმეს კვალიფიკაცია ჰყოფნის, რომ შეაფასოს რეალურად არსებული მდგომარეობა, გადასარევად ხვდება, რომ საქართველოში ვითარება დღეს ასეთი არ არის.

ამ საკითხის დაკავშირება რამე ფორმით იმ კანონპროექტთან, რომელსაც ვეტო დაედო და ა.შ., ეს უბრალოდ მხოლოდ გათვლილი არის საქმეში ჩაუხედავი ადამიანის შეცდომაში შესაყვანად. ამ კანონს იმ საკითხებთან, იყო საქართველოში ასეთი რეალობა, საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სადმე რომ შევდივართ და რამეზე საუბარი გვინდა, ყველანი ვფიქრობთ იმაზე, ტელეფონი დავიტოვოთ, თუ გავიტანოთ. შემდეგ ვძლევთ ამას და ვამბობთ, რომ ჯანდაბას, იყოს ეს ტელეფონი და მოუსმინონ, რასაც უნდათ“, – ეს განცხადება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1 სექტემბერს, მოსმენების კანონზე ვეტოს დადების შესახებ საუბრისას გააკეთა.